პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება
მუხლი 26. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება
26.1. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებად ითვლება კოლეჯისა და პროფესიული სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლება არაუმეტეს კანონმდებლობით დადგენილი ვადით, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე;
26.2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
ა) პირადი ან/და კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება მიზეზის მითითებით, მიზეზის შინაარსი არ შეიძლება გახდეს პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის შეჩერებაზე უარის თქმის საფუძველი;
ბ) სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობა (ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში);
გ) უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება (გარდა გაცვლითი პროგრამისა);
დ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
ე) დირექტორის მიერ პროფესიული სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება კოლეჯის მარეგულირებელი წესების, შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე;
ვ) სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების 50% და მეტის აუთვისებლობა პროგრამის განხორციელების ძირითად ვადებში;
ზ)განმეორებით შუალედურ შეფასებაზე გამოუცხადებლობა;
თ)სამხედრო სამსახურში ან რეზერვში ჩარიცხვა, რაც გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას. თუ პროფესიულ სტუდენტს სამხედრო სამსახურში/რეზერვში ყოფნის რეჟიმი საშუალებას აძლევს მიაღწიოს პროგრამით განსაზღვრულ სწავლის შედეგებს, მაშინ ეს არ იქნება შეჩერების მიზეზი;
ი)სტუდენტის მიმართ, კანონიერ ძალაში შესული, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც გამორიცხავს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შესაძლებლობას;
კ) სხვა მიზანშეწონილად მიჩნეული გარემოება.
ლ) პროგრამის განხორციელების სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ვადის დასრულების შემდეგ თუ დარჩენილია დაუდასტურებელი თუნდაც ერთი მოდული.
26.3. სტატუსის შეჩერების ინიცირებას გარდა 26.2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა აკეთებს სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი მოხსენებითი ბარათით; პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სწავლისათვის გადახდილი თანხა არ უბრუნდება, მაგრამ სწავლის გაგრძელებისას ჩაეთვლება სწავლის საფასურში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
26.4. პროფესიული სტუდენტს სტატუსი შესაძლოა შეუჩერდეს არაუმეტეს 5 წლის ვადით. ამ ვადაში სტატუსის აღდგენის გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ხდება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.
26.5. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ გამოიცემა დირექტორის ბრძანება რომლის გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაცია ეცნობება სტუდენტს/კანონიერ წარმომადგენელს, და შესაბამისი მონაცემები შეიტანება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვალის N11/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ შესაბამისად;
26.6. დაუშვებელია გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საქართველოდან წასული პროფესიული სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერება.
26.7. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს პროფესიული სტუდენტის სტატუსი, არ განიხილება დაწესებულების სტუდენტების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში. სტუდენტთა რაოდენობის აღრიცხვის მიზნით, კოლეჯი ვალდებულია უზრუნველყოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების რეგისტრაცია.
26.8. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების დროის განმავლობაში, კოლეჯი და პროფესიული სტუდენტი თავისუფლდებიან ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან, გარდა იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც წარმოიშვა სტატუსის შეჩერებამდე;